250 მ²
წყნეთის გზატკეცილი, ბაგები, თბილისი
2016
გუნდი
არტსტუდიო პროექტი
გ.სულაბერიძე, მ.გეგეშიძე, ო.სულაბერიძე, ნ.კანდელაკი, დ.რუსიტაშვილი, ა.დავითური
პროექტის მთავარი იდეა არის შეიქმნას ერთიანი გამოყენების სივრცე ურბანიზმის, არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისა და სტუდენტებისთვის. შენობა არქიტექტურულად მაქსიმალურად ‘მწვანე არქიტექტურის’ პრინციპებზეა აგებული, გამწვანებული სახურავის მოწყობით მიიღება ღია ტერასა, რომელიც საზოგადო თავშეყრის დამატებითი მიზიდულობა გახდება. დღეს, არქიტექტურას ესაჭიროება ინფორმაციის გაცვლა და კომუნიკაცია სხვადასხვა დისციპლინებთან (ინჟინერია, ხელოვნება, თანამედროვე ტექნოლოგიები), ეს პროცესი კი დინამიური, ღია და კრეატიული უნდა იყოს. პროექტის მიზანია თბილისში შეიქმნას ‘კრეატიული ინდუსტრიის’ ერთ-ერთი ცენტრი და ამ მიმართულების განვითარება. პროექტის დასახელება – უRბან ზონა – გულისხმობს შეიქმნას ერთიანი სივრცე – ‘ზონა’ – სადაც ურბანისტების, არქიტექტორებისა და დიზაინერების შეხვედრა სამუშაო გარემოში, სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა და ამ სივრცის გამოყენება იქნება შესაძლებელი. უ-ზონა არის სივრცე, რომელიც თემატურად გააერთიანებს ამ სფეროებისთვის საჭირო ძირითად ფუნქციებს და ავეჯის მარტივი ტრანსფორმაციის გზით გახდის შესაძლებელს გამოფენების, ლექციების, სემინარების, გუნდური და ინდივიდუალური სამუშაოს განხორციელებას. შენობის ძირითადი ერთსართულიანი სივრცე სამ დონედ იქნება დაყოფილი სხვადასხვა აქტივობებისთვის და ინტერიერში პანდუსების გამოყენებით ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. უ-ზონაში შესასვლელთან მოეწყობა ველო-პარკინგი ალტერნატიული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების პოპულარიზაციის მიზნით. უ-ზონა იქნება პროფესიონალებისა და ახალგაზრდა არქიტექტორების იდეების პლატფორმა, რომლის საერთო მიზანია არქიტექტურული პროფესიის ცნობადობის ამაღლება ნაშენი გარემოს გასაუმჯობესებლად. უ-ზონა უნდა გახდეს ღია სივრცე ქალაქისთვის, საზოგადოებრივი დაწესებულებებისთვის, უნივერსიტეტებისთვის, პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის და კერძო სექტორისთვის, ვისაც შეხება აქვს არქიტექტურასთან, ღია და ცოცხალი პროცესი არქიტექტურულ ცხოვრებაში, ცოდნის და გამოცდილების გაზიარების ადგილი.