8850 მ²
დიდუბე-ჩუღურეთი
2017
გუნდი
არტსტუდიო პროექტი
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, წერეთლის გამზირის პარალელურად, კ. სტანისლავსკის ქუჩისა და დ.ბაქრაძის ქუჩის მიმდებარედ, რკინიგზის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. იგი წარმოადგენს თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ფარგლებში გამოთავისუფლებულ ტერიტორიას, რომელზეც 2016 წელს შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე იგეგმება საზოგადოებრივ-საქმიანი სივრცის განვითარება. გეომორფოლოგიურად უბანი წარმოადგენს მდ. მტკვრის მარცხენა ჭალის ზედა ტერასის (I ტერასა) ნაწილს უმნიშვნელოდ დახრილი რელიეფით მდინარის მიმართულებით, რელიეფის აბსოლუტური ნიშნულები ტერიტორიის საზღვრებში, მერყეობს 419,0 – 425,0 მ-ის ფარგლებში. ზემოთ აღნიშნული განაშენიანების რეგულირების გეგმის და საპროექტო დავალების საფუძველზე ტერიტორიაზე იგეგმება არსებულ გარემოზე მორგებული და ამავე დროს, საინტერესო არქიტექტურული იერსახით გამოკვეთილი ადმინისტრაციული, საოფისე და სოზიალურად აქტიური რეკრეაციული სივრცეების შექმნა. მათ შორის, რკინიგზის სათაო ოფისის და ლანდშაფტთან მორგებული ღია სარკინიგზო მუზეუმის მშენებლობა. საპროექტო გადაწყვეტით, ადმინისტრაციული მაღლივი შენობის და მუზეუმის განთავსება იგეგმება ტერიტორიაზე არსებულ მე-3 (ტერიტორიის ფართობი – 5033 კვ.მ) და მე-2 (ტერიტორიის ფართობი – 3811 კვ.მ) სექტორებში. სექტორები პირობითად გაყოფილია არსებული საფეხმავლო ხიდით, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მეტროსადგურ “გოცირიძეს”, წერეთლის გამზირთან.
არსებულმა საფეხმავლო ხიდმა და სწორმა რელიეფმა შესაძლებლობა მოგვცა შეგვექმნა საინტერესო ლანდშაფტური ფორმა, რომელიც იქნება რამდენიმე ფუნქციის მატარებელი და რომელიც შექმნის კავშირს, ადმინისტრაციულ შენობას, აქტიურ საფეხმავლო გადასასვლელსა და რკინგზის მუზეუმს შორის. პირველ რიგში მუზეუმის ტერიტორიასა და ხიდს შორის გაჩნდება რელიეფიდან გამომავალი ორი დინამიური სტრუქტურა, გამწვანებული საფეხმავლო გადასასვლელების სახით, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს (მეტროს სადგური) დაუკავშირებს მუზეუმის სოციაოლურად აქტიურ რეკრეაციულ სივრცეს, შესაბამისად გაიზრდება ხიდის საფეხმავლო სივრცის დატვირთვაც, რის დასარეგულირებლად პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ახალი კავშირების (კიბეების) გაჩენა, ასევე სამომავლოდ შესაძლებელი გახდება აღნიშნული სივრცის მოდიფიცირება მეტროს დამატებით სადგურად, რაც იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში.